Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ ტაივანზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა


ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა კუნძულ ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე დღეს, 3 აპრილს, მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 7,4 იყო. იაპონიის მეტეოსამსახურის ცნობით - 7,7.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ჰუალიანიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. პირველს მოჰყვა კიდევ რამდენიმე ძლიერი, მათ შორის 6,5 მაგნიტუდის ბიძგი. მიწისძვრამ ზოგიერთ რაიონში მეწყერი გამოიწვია.

სააგენტო Reuters-ი ტაივანის სახანძრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 50-ზე მეტი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია 26 შენობა.

ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა თავის ადმინისტრაციას დაავალა სტიქიის შედეგების რაც შეიძლება სწრაფად განსაზღვრა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

ჩინეთის მთავრობამ ტაივანელ „თანამემამულეებს“ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მზად არის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს. ტაივანი დემოკრატიული კუნძულია, რომელიც 74 წელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება. ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

1999 წლის სექტემბერში ტაივანზე მოხდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელმაც 2400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით შენობა დაანგრია.

XS
SM
MD
LG