Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის დეპუტატების თქმით, საჭიროა ბრძოლა, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს


ქალი დეპუტატების ბრიფინგი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 3 აპრილი, 2024 წელი
ქალი დეპუტატების ბრიფინგი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 3 აპრილი, 2024 წელი

ოპოზიციის დეპუტატები თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ.

ქალი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

„ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო „ქართულ ოცნებასთან“, პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ "რუსული კანონი" და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციაზე და ქართულ დემოკრატიაზე იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ და არა კრემლის დიქტატით და „ქართული ოცნების“ კარნახით.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისთვის", - განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ მიღება არ გამოუვა.

„'ქართული ოცნება' მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ თავის მარცხში ჩაითრიოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. „რუსული კანონი“ შემოიტანეს თავიდან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, მაშინ, როცა თქვენ, ჩვენ და ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული ძალიან მკაფიო და გაცხადებული არჩევანი - საქართველო მიდის ევროპისკენ. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩაეხსნას, ჩვენ ვივლით წინ, ევროპისკენ“, - თქვა ნაცვლიშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები თავდაუზოგავი შრომით მიდის ევროპის ჩემპიონატზე, „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის თქმით, საჭიროა ბრძოლა იმისთვის, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს.

„ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა დაბრუნებამ პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. "რუსული კანონის" ხელახალი შემოღებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას, ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში.

თითოეული ჩვენგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ საბოლოოდ ივანიშვილის პარტიის გარეშე შევძლოთ ევროპული ოჯახის წევრობა“, - თქვა წითლიძემ.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG