Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: ივანიშვილი გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია


მამუკა ხაზარაძე, პარტია „ლელოს" ლიდერი
მამუკა ხაზარაძე, პარტია „ლელოს" ლიდერი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელახლა დაარეგისტრიროს ე.წ. აგენტების კანონპროექტი, გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მან 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კრემლისგან მიიღო დავალება.

„'ქართულმა ოცნებამ' და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო - ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია „რუსული კანონის" შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში.

მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მე მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG