Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის განცხადებით, „რუსული კანონის“ შემოგდებით ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს


არქივიდან: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს
არქივიდან: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა დარეგისტრირების შესახებ. ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას საქართველოში ვითარების არევა სურს.

„რაც შეეხება პროვოკაციას „უცხოელი აგენტების კანონის“ თაობაზე, „ოცნებამ“ იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც „ოცნებასთან“ ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს“, - წერია სააკაშვილის სახელით ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ პოსტში.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG