Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო


ფოტო არქივიდან: პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია (მარცხნივ), „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი
ფოტო არქივიდან: პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია (მარცხნივ), „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, 15 წინააღმდეგი იყო.

1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. შეთანხმების თანახმად, უმრავლესობამ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს.

საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, კვოტები 2032 წლამდე არ უნდა გაუქმებულიყო. კანონში წერია, რომ:

  • საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიებს მოეთხოვებათ სიები, რომლებშიც „ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი“. ცესკოში წარდგენილი სია პარტიას დაუბრუნდება, თუკი არ არის დაცული სქესთა შორის ბალანსი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევათ 3 დღე.
  • თუკი პარტია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს საარჩევნო სიას, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი, საარჩევნო სუბიექტი კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს.
  • 2028 წლის და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
  • 2032 წლის ჩათვლით, მუნიციპალური არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.

„გირჩის“ ინიციატივა საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მთლიანად ამოღებას გულისხმობს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG