Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: დაუშვებელია უხამსი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ


ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

ომბუდსმენმა ყველა დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა.

3 აპრილს პარლამენტში რამდენიმე დაპირისპირება გამოიწვია „ოცნების“ გადაწყვეტილებამ ე.წ. „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შესახებ. სწორედ ამ დროს მიაყენა შეურაცხყოფა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს. მან თქვა: „ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG