Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი მოსამართლე წინააღმდეგია, მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს


მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე

ოთხმა მოსამართლემ, რომლებიც დამოუკიდებელმა კომისიამ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეარჩია, წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს. მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ ისინი 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად.

მათმა კოლეგებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ლეილა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა (რომელთაც საქმე განსახილველად გადაეცათ), სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერეს „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე თავიანთი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.

წერილი, რომელიც „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ IDFI-ის გაუგზავნა
წერილი, რომელიც „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ IDFI-ის გაუგზავნა
  • ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა;
  • მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • სერგო მეთოფიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.

ამ ოთხი მოსამართლიდან ორს - მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს - აშშ-მ სანქციები დაუწესა.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, - ეწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ევროკავშირისგან გაცემული 9 პირობიდან მე-6 პირობის შესრულებას, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, ამ ოთხიდან სამი მოსამართლე დაექვემდებარება ამ წესით შემოწმებას.

მოსამართლეთა დიდი ნაწილი და მმართველი პარტიაც ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგია. დამატებით, რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ს მიმართა, გაუუქმოს სანქციები მოსამართლეებს.

XS
SM
MD
LG