Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა სანქცირებული მილიარდერების, ავენის და ფრიდმანის სარჩელი


ფოტო არქივიდან. პიოტრ ავენი (მარცხნივ) და მიახილ ფრიდმანი
ფოტო არქივიდან. პიოტრ ავენი (მარცხნივ) და მიახილ ფრიდმანი

ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია რუსი მილიარდერების, „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლების, პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების დაწესება.

სასამართლოს მიერ დღეს, 10 აპრილს, გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მიერ ავენის და ფრიდმანის სანქცირების მიზეზები საკმარისად დასაბუთებული არ იყო.

ევროკავშირმა ავენს და ფრიდმანს სანქციები დაუწესა და მათი აქტივები გაყინა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროპულმა საბჭომ სანქცირება იმით ახსნა, რომ პუტინთან კავშირის მქონე ავენი და ფრიდმანი თავისი რესურსებით მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფას.

ფრიდმანმა და ავენმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლია.

პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, სანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ.

მიუხედავად ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი მაინც დარჩებიან ევროკავშირის სანქციების სიაში. ბრიუსელი ამტკიცებს, რომ მათ საქმე მოიგეს სანქციების პერიოდისთვის 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე. მაგრამ მას მერე სანქციების სია შეიცვალა და, იურიდიული თვალსაზრისით, დღეს ახალი სია მოქმედებს. როგორც მიმომხილველები ფიქრობენ, ორი მილიარდერი ევროკავშირის სანქციათა სიაში დარჩება 2024 წლის სექტემბრამდე, როცა სანქციების მოქმედების ვადა კვლავ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG