ოთხშაბათს პალესტინური და არაბული მედია იტყობინებოდა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში მოკლულია რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი. ეს დაადასტურეს ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების პრესსამსახურებმაც. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ემირ ჰანია ჰამასის სამხედრო ფრთის ესკადრონის მეთაური იყო. მისი ორი ძმა - მუჰამად და ჰაზემ ჰანიები - ასევე იყვნენ დაჯგუფების მეთაურები.
ისმაილ ჰანიამ დაადასტურა თავისი ვაჟებისა და შვილიშვილების დაღუპვა. მან მათ „მარტვილები“ უწოდა და დასძინა, რომ მისი შვილების სისხლი „არ ღირს ჩვენი ხალხიდან ნებისმიერი სხვის სისხლზე უფრო მეტი“.
მან მედიაკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ ნათესავების სიკვდილი ჰამასის ხელმძღვანელობას არ აიძულებს, უარი თქვას თავის გეგმებზე, მათ შორის შეცვალოს პოზიცია ისრაელთან საზავო შეთანხმებასთან მიმართებაში.
62 წლის ჰანიას 13 შვილი ჰყავს. თავად ჰამასის ხელმძღვანელი არ ცხოვრობს ღაზის სექტორში, მისი მთავარი საცხოვრებელი ადგილი კატარშია.
ისრაელი ღაზაში ატარებს ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაციას, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს. ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 240-მდე ისრაელელი და უცხოელი მძევლებად აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს. უკანასკნელი მონაცემებით, 130-ზე მეტი ადამიანი რჩება ტყვეობაში.
ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 33 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.