Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ღირსების შემლახავია საჯარო მოხელეებზე ზეწოლა


პროპაგანდისტული მასალები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე
პროპაგანდისტული მასალები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით გამოეხმაურა "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელე აჭარიდან მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ხელისუფლების პროპაგანდისტული ინფორმაციის სოციალურ ქსელებში გავრცელებას სთხოვს. "ტვ პირველის" მტკიცებით, ჩანაწერში ისმის ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელის, ია ხალვაშის ხმა. ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ხალვაშის ფეისბუკზე მართლაც ნახავთ არაერთ პროპაგანდისტულ მასალას, რომლებსაც საბავშვო ბაღებში დასაქმებულები აზიარებენ.

"ახლა რაც ჩავაგდე აქ, ეს ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, თქვენი ბაღების ყველა თანამშრომელმა უნდა გააზიაროთ ფეისბუქგვერდზე…

ყველა თანამშრომელმა! მე მივადევნებ თვალყურს, დარაჯებზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი…

ვისაც აქვს სოციალური ქსელი, ყველამ უნდა გადაამრავლოს და გადააზიაროს", - ისმის "ტვ პირველის" შაბათის ეთერში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

ია ხალვაშის ამ პოსტს ასობით გაზიარება აქვს - მას ძირითადად საჯარო მოხელეები აზიარებენ.
ია ხალვაშის ამ პოსტს ასობით გაზიარება აქვს - მას ძირითადად საჯარო მოხელეები აზიარებენ.

"ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ, რაც შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

დღეს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, ხელისუფლება მათ სამსახურებრივი ვალდებულების ნაცვლად, პარტიული დავალებების შესრულებას აიძულებს. საჯარო სექტორში დასაქმებულებისგან ითხოვენ, იმოქმედონ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულად აზიარონ ,,ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, ანტიდასავლური გზავნილებით სავსე პროპაგანდისტული ვიზუალები", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ორგანიზაციები საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას და თუკი ამის გამო პრობლემები შეექმნებათ, მათ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ.

ია ხალვაში ძირითადად იზიარებს "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიტო სამხარაძის კონტენტს. სამხარაძე მმართველი პარტიის რეგიონული ოფისების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი და გამოირჩევა სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით.
ია ხალვაში ძირითადად იზიარებს "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიტო სამხარაძის კონტენტს. სამხარაძე მმართველი პარტიის რეგიონული ოფისების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი და გამოირჩევა სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით.

საჯარო მოხელეები ერთგვაროვან პროპაგანდისტულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში კამპანიურად აზიარებენ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში განსახილველად დააბრუნა "რუსულ კანონად" წოდებული "კანონი აგენტების შესახებ", რომელიც 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე გაიწვიეს. საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დიდ ნაწილს ფეისბუკი ყალბ ინფორმაციად ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც ფეისბუკმა სამთავრობო პოსტები დეზინფორმაციად მონიშნა, აგიტაციური პლაკატები ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებებსა და სამშენებლო ღობეებზე გამოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ფეისბუკმა სამთავრობო პოსტები დეზინფორმაციად მონიშნა, აგიტაციური პლაკატები ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებებსა და სამშენებლო ღობეებზე გამოჩნდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს ხელახლა დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების კანონი. მმართველი პარტიის თანახმად, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიურია, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. ამ კანონის პარალელურად, ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით, საქართველოს პარლამენტი ასევე აპირებს მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ".

XS
SM
MD
LG