Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ევროკავშირის მინისტრები 16 აპრილს განიხილავენ ირანის თავდასხმას ისრაელზე


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი.

"ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ... შეხვედრა", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და დასძენს: "ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში".

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.

ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

XS
SM
MD
LG