Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი უკრაინას ნახევარ მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს


ფოტო არქივიდან: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში შეხვედრისას. ჰიროსიმა, იაპონია, 2023 წლის 20 მაისი
ფოტო არქივიდან: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში შეხვედრისას. ჰიროსიმა, იაპონია, 2023 წლის 20 მაისი

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას ქვეყნის ისტორიაში უმსხვილეს, 617 მილიონი აშშ დოლარის (500 მილიონი გირვანქა სტერლინგი), ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

Guardian-ის თანახმად, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

გამოცხადებული დამატებითი დახმარება მოხმარდება სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და საინჟინრო აღჭურვილობის სწრაფად მიწოდებას უკრაინაში, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დახმარების ახალ პაკეტთან ერთად, 2024 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების ჯამური მოცულობა სამ მილიარდ 700 მილიონ დოლარს მიაღწევს.

პრესრელიზის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 1600-ზე მეტ საზენიტო რაკეტას, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების, Storm Shadow-ს ახალ პარტიას, რომლის დიაპაზონიც დაახლოებით 250 კილომეტრია. ლონდონი აპირებს კიევს გადასცეს 60 ნავი და კატერი, 160 ჯავშანმანქანა Husky, 162 სხვა ჯავშანმანქანა, 78 ყველგანმავალი და დაახლოებით ოთხი მილიონი ვაზნა.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს შეერთებული შტატებიც. მოელიან, რომ ის მარტში გამოყოფილ 300 მლნ-დოლარიან პაკეტზე მეტი იქნება. ამის შესახებ გამოცემა Politico ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. მათი განცხადებით, მასში შევა ჯავშანტექნიკა და ქვეითი საბრძოლო მანქანები Bradley, ასევე - საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

როგორც მანამდე წერდა ამერიკული მედია, პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების დიდი პარტია წინასწარ მოამზადა, ამიტომ მასზე ასიგნებების დამტკიცების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას კვირაზე ნაკლები დასჭირდება.

20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60 მილიარდ 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ პაკეტის ფარგლებში მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების კანონპროექტს.

XS
SM
MD
LG