Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა


"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე. 2 მაისი, 2024 წელი
"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე. 2 მაისი, 2024 წელი

გმირთა მოედანზე, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა და გადაკეტილი საავტომობილო გზა გახსნა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ტროტუარზე გადაიყვანეს, თუმცა მალევე მათ გზის ხელახლა გადაკეტვა მოახერხეს.

დაკავებულთა რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს პასუხი.

მეგობრების ინფორმაციით, დაკავებული არიან ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი.

პარალელურად, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ცოტა ხნის წინ, იქ მყოფმა აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნის მიმართულებით დაიწყეს მსვლელობა.

მანამდე დემონსტრანტებმა გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს", "გამოდით".

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG