Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3-4 მაისს საქართველოს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს შეუშვებენ


საქართველოს პარლამენტში ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 3-4 მაისს, „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა” და „შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები”. 3 მაისი, „წითელი პარასკევი", ოფიციალურად უქმე დღეა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო „უსაფრთხოების ყვითელი დონის” რეჟიმშია აპრილიდან, მას შემდეგ, რაც თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო ე.წ. აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ.

პარლამენტის შენობაში უშვებენ მხოლოდ სატელევიზიო მედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც მიწვეულია „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“. ამასთან, 3 და 4 მაისს პარლამენტში ვერც ისინი ვერ შევლენ.

1 მაისის ღამიდან 2 მაისის 14:00 საათამდე საქართველოს პარლამენტში გამოცხადებული იყო „უსაფრთხოების წითელი დონე”, რომლის გამოც ბიუროს და პლენარული სხდომები არ ჩატარდა.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სექტორისთვის 13 მაისამდე გამოცხადებული უქმე დღეების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG