Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ ხაბეიშვილის ცემის გამოძიებას ითხოვს, საგამოძიებო კი ამბობს, რომ ის კომუნიკაციაზე არ გადის


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პროკურატურაში
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პროკურატურაში

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის გამოძიებას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა თანაგუნდელებთან ერთად პროკურატურაში მივიდა.

„მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე... ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს“, - თქვა ლაშა ფარულავამ.

დაახლოებით სამი საათის გასვლის შემდეგ კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეს იძიებენ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამართალდამცავის მხრიდან ძალადობის, უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით.

უწყების განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკოსის ეპიზოდზე გამოძიება 1 მაისს დაიწყეს. დამატებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ლევან ხაბეიშვილთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ სცადეს, თუმცა მან არც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და არც - შეტყობინებებს.

„აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ:

  • დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც პოლიტიკოსზე იძალადეს;
  • სასამართლოს მიმართეს ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით;
  • კლინიკიდან გამოითხოვეს ხაბეიშვილის შესახებ სამედიცინო დოკუმენტები;
  • შსს-ს მიმართეს სამართალდამცავების ვინაობის დასადგენად.

ლაშა ფარულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს პროკურატურას, როგორც გამოძიების პროცესში სპეციალური საგამოძიებო უწყების ზემდგომს, მიმართეს, რათა ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტი მაღალი სტანდარტით გამოიძიონ.

„ზემდგომი უწყება, რომელიც ბრალდებას აყენებს და მტკიცებულებები მიაქვს სასამართლოში, არის პროკურატურა. შესაბამისად, გავაკეთეთ განცხადება, რომ რადგან პოლიტიკურ ლიდერზეა საუბარი, გამოძიების მაღალი სტანდარტი შემოგვთავაზოს გამოძიებამ“, - ამბობს ლაშა ფარულავა.

1 მაისს, როცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს.

იმავე დღეს სცემეს კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG