Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი აცხადებს, რომ 11 ათასი უკრაინელი კაცი შევიდა ამ ქვეყანაში უკანონოდ, რათა თავი აარიდოს არმიაში სამსახურს


კარპატები რუმინეთ-უკრაინის საზღვრის რეგიონში. სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 11 ათასამდე უკრაინელმა კაცმა გადალახა უკანონოდ რუმინეთის საზღვარი.
კარპატები რუმინეთ-უკრაინის საზღვრის რეგიონში. სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 11 ათასამდე უკრაინელმა კაცმა გადალახა უკანონოდ რუმინეთის საზღვარი.

11 ათასამდე უკრაინელმა კაცმა გადალახა უკანონოდ რუმინეთის საზღვარი, რათა თავიდან აერიდებინა სამხედრო სამსახურში გაწვევა. რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის ეს მონაცემები ეხება 2022 წლის 24 თებერვლის - რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის - შემდგომ პერიოდს. 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცები საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს, განაცხადა ფლორინ კომანმა, სიგეტუ-მარმაციეს, უკრაინა-რუმინეთის ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე ქალაქის, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.

კომანის თქმით, 19 პირი დაიღუპა საზღვრის გადაკვეთისას. მათგან 11 - ორი ქვეყნის გამყოფ მდინარე ტისუში დაიხრჩო, დანარჩენები დაიღუპნენ საჭირო აღჭურვილობის გარეშე კარპატების მთების გადაკვეთის მცდელობისას.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში რუსეთის არმიას ცოცხალი სამხედრო ძალის მხრივ უპირატესობა აქვს და კიევი ცდილობს, ჯარში მოქალაქეთა გაწვევით შეავსოს დანაკლისი. უკრაინა, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ათასობით მოქალაქემ დატოვა.

უკრაინა აცხადებს, რომ უცხოეთიდან იძულებით არ ჩამოიყვანს სამხედრო სამსახურის ასაკის მამაკაცებს. უკრაინაში ახლახან მიიღეს ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ. ხელისუფლებამ სამხედრო სამსახურის ასაკის მოქალაქეებს აუკრძალა პასპორტების მიღება უცხოეთში მდებარე უკრაინის საკონსულოებში, მათ ასევე შეუზღუდეს საკონსულო მომსახურება.

უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ საკონსულო მომსახურებაზე წვდომას მიიღებენ მხოლოდ ის მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტები. მათ განახლებული უნდა ჰქონდეთ თავიანთი მონაცემები დაკომპლექტების ტერიტორიულ ცენტრებში. მაგრამ უცხოეთში მყოფი უკრაინელებისთვის ასეთი ინფორმაციის გადაცემის მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა.

ამავე დროს, უკრაინის პარლამენტმა 8 მაისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის პატიმრებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის საშუალებას მისცემს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG