Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში


პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში
პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს კანონპროექტი "უცხოეთის აგენტების" შესახებ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში

"ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, “რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კვლავ შეტანის, ძალადობის უეცარი ზრდისა და სხვა შეზღუდვების გამო საქართველოში ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ საპროტესტო აქციებს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ" - წერენ უფლებადამცველები.

ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 18 ორგანიზაცია წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი აზრის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის და საბოლოო ჯამში, ჩახშობის მძლავრ ინსტრუმენტს და ამით საფრთხეს უქმნის პრესის და სიტყვის თავისუფლებას.

წერილზე ხელის მომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიეკუთვნებოდნენ იმ ჯგუფების რიცხვს, რომლებიც ატარებენ „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს", არამედ ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებას, „აწარმოოს გულმოდგინე გამოძიება“ ამ ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ „უცხოეთის სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე.

შედეგად, წერენ ავტორები, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება, გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, რაც მას მისცემს საშუალებას, ჩაერიოს მედიასაშუალების თუ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, ხელი შეუშალოს მუშაობაში და სადამკვირვებლო როლის შესრულებაში.

"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაწვეულ იქნეს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების სიცოცხლისუნარიანობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მედიის სულ ცოტა, 20 თანამშრომელს ფიზიკურად დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქების დროს...

წერილში წერია, რომ “ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს”. „ამას გარდა,“ თვლიან უფლებადამცავი ორგანიზაციები, “ჟურნალისტები ვერ ახერხებენ თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს".

ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პრესის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმი. წერილში ასევე ნახესენებია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონის მესამე მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს გარანტიას აძლევს, რომ დაცული იქნეს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა და სარედაქციო გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სინდისის შესაბამისად.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად ირაკლი კობახიძისადმი წერილს ხელს აწერენ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AJE France), ცენზურის ინდექსი, პრესის და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი (ECPMF), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია, (EFJ) და სხვები.

„აგენტების კანონი“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - პირველი მოსმენით პარლამენტში მმართველი პარტიის უმრავლესობამ 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი 1 მაისს - ასევე 83 ხმით.

დარჩენილია მესამე, ფინალური მოსმენა, რომელიც 13 მაისის კვირაში უნდა გაიმართოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG