Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატი ამაღლობელი წერს, რომ მის სახლთან ჩასაფრება მოაწყვეს


რატი ამაღლობელი, 28 აპრილი, 2024 წელი
რატი ამაღლობელი, 28 აპრილი, 2024 წელი

პოეტი, რატი ამაღლობელი, რომელიც თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წამყვანია, სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პირებმა მის სახლთან, წუხელ, რამდენიმე საათის განმავლობაში, „ჩასაფრება მოაწყვეს“, ხოლო სადარბაზოს კედლები წარწერებითა და პლაკატებით „ააჭრელეს“.

„ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - წერს რატი ამაღლობელი.

რატი ამაღლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერჯერობით არ მიუმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.

გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.

3 აპრილს, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG