Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილსა და ჯიმ ო'ბრაიენს შორის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა


ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ორბელიანების სასახლე, 14 მაისი.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ორბელიანების სასახლე, 14 მაისი.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარს გაგრძელდა. საათ-ნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა. იგი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12:00 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც ესწრებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო'ბრაიენი ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

დაგეგმილი იყო შეხვედრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.

მისივე სიტყვებით, ივანიშვილი „შანტაჟის ქვეშ“ შეხვედრებს ვერ გამართავს. მას „არ აინტერესებს“ და „არასერიოზულად უყურებს“ სანქციების საკითხს.

„ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება შედგეს", - თქვა კობახიძემ.

14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოქალაქეთა მწვავე პროტესტის ფონზე მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG