მედიაში ვრცელდება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის წერილი, რომელიც მედიასაშუალებებმა მმართველი პარტიის პრესსამსახურიდან მიიღეს. წერილში ეკატერინა ხვედელიძე პასუხობს ქირურგ როსტომ ცხვედიანის მისდამი მიმართვას ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერიდან - ამ ტექსტში "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ცოლი პოზიციას გამოხატავს სადავო "აგენტების კანონზე" და მხარდაჭერას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს, ვისთვისაც, მისი თქმით, "[მთავარი] ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!"
"წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ - გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.
ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი.
დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს", - წერს ეკატერინა ხვედელიძე კაცს, რომელმაც "ფორმულის" ეთერში თქვა, რომ მას ხვედელიძე ჯერ კიდევ ბავშვი ახსოვს და სთხოვს, "ჩააგდოს მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის."
„შვილო ეკა, მე მაქვს უფლება ასე მოგმართო. მოგმართავ ასე, იმიტომ რომ ხელში აყვანილი მყავხარ ნატარები შენც და ირმაც, შენი უფროსი და. გაიხსენე კრილოვის 5 ნომერში, როცა მამაშენი, სულკურთხეული ფედია 40 წლის გახდა, ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრას სულ ოთხი კაცი ვუსხედით, თამადა მე ვიყავი. იმ ოთხიდან მარტო მე ვარ ცოცხალი. ფედია ხვედელიძის პირველი მანქანის ნომერი მახსოვს ეკა, შვილო - 64-68. რო ვუთხარი რატომ 64-64 არ აიღე-თქო, 64-ში ლუდა გავიცანი და 68-ში ირმა შემეძინაო. აი, ასეთი ახლობელი ვარ, ეკა, შვილო.
მჯერა, რომ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ერთხელ მოვისმინე, შენ მეუღლეს წიგნი რომ აჩუქეს, თაროზე შემოდო და თქვა, ამას ეკა წაიკითხავს და მერე მეტყვისო... ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის... დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად. ხომ ხედავ, შვილო ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე... მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები, შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“, - თქვა როსტომ ცხვედიანმა "ფორმულის" ეთერში რამდენიმე დღის წინ. ამ ღია მიმართვის შემდეგ, 15 მაისს, მან ისევ "ფორმულის" ეთერში განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი შეტყობინებები მიიღო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ცოლს მიმართა.
თავად ეკატერინა ხვედელიძე წერილში წერს, რომ არც მას და არც მის დას არ შეუძლიათ ბავშვობის მოგონებებში როსტომ ცხვედიანთან ურთიერთობის სცენების აღდგენა, მაგრამ თავს მაინც ვალდებულად თვლის, უპასუხოს მას.
"თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.
უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას!
მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!" - წერს ეკატერინა ხვედელიძე და ამატებს, რომ მისთვის ღირებულია მისი და ასევე თითოეული მოქალაქის აზრი.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!
მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!
დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!" - წერია ეკატერინა ხვედელიძის წერილში.
ამ წერილის და როსტომ ცხვედიანის მიმართვის ფონია პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში თვეზე მეტია გრძელდება.
ფორუმი