Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ პოლონეთს მოუწოდა, ერთობლივად აღუდგნენ წინ რუსეთის თავდასხმებს დასავლეთ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურაზე


არქივის ფოტო: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არქივის ფოტო: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

16 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტელეფონით ისაუბრეს ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარებისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის განგრძობადი იერიშების შესახებ. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო ხარკოვში არსებული მდგომარეობა.

ხარკოვის რეგიონში შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო ვიზიტები ესპანეთსა და პორტუგალიაში.

"ახლა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს გაზის ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინის დასავლეთით. იქ რუსეთის წარმატება საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიპოვოთ ამის საწინააღმდეგო გზა", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში და კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინა გადაუდებლად საჭიროებს მოკავშირეთაგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მიწოდებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა თავიანთ გუნდებს დაავალეს, "დაუყოვნებლივ" დაიწყონ მუშაობა ქვეყნებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების პროექტზე.

ხარკოვში შექმნილი ვითარების და უსაფრთხოების გარემოს ზოგადი მდგომარეობის შესახებ სატელეფონო საუბრის თაობაზე, რომელიც თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა, ცნობა ტუსკის პრესსამსახურმაც გაავრცელა.
"საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ნატოს მოახლოებულ სამიტს", - დასძენს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ნატოს მორიგი სამიტი 9-11 ივლისს ამერიკის დედაქალაქში გაიმართება.

შარშან ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმებაზე, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო გაწევრიანებამდე სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო რეფორმის ჩასატარებლად. თუმცა ამის შემდეგ საქმე წინ არ წასულა - არც გაწევრიანების კონკრეტული გზა არსებობს და არც ვადები. არის მხოლოდ წინადადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინას ალიანსში მიიწვევენ, „როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG