Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარმანაშვილი უარყოფს, რომ შესული შესწორების გამო, კანონი ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ


თენგიზ შარმანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი
თენგიზ შარმანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ შარმანაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო, რედაქტირებულ ვარიანტში ტერმინი „პირი“ არ გულისხმობს ფიზიკურ პირს.

„ცხრაასჯერ იქნა განმარტებული, რომ ფიზიკური პირი არანაირ კავშირში არ არის ამ საქმიანობასთან. უკვე წარმოუდგენელია, რომ ეს კითხვა წარმოიშვა. არანაირ ფიზიკურ პირს ეს არ ეხება. თუ რამე პრობლემას ქმნის, მე პირადად დავაყენებ ინიციატივას, რომ ეს სიტყვა ამოღებული იქნეს“, - გვითხრა დეპუტატმა. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ჩანაწერს გაიგებენ ისე, რომ ის ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება, შარმანაშვილი მზად არის, ეს გამოასწოროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით.

თენგიზ შარმანაშვილი: „თუ ეს რამე ეჭვს იწვევს, მე პირადად გპირდებით, რომ მესამე მოსმენის დროს მაგ სიტყვის ამოღებას დავაყენებ“.

რადიო თავისუფლება: „მესამე მოსმენა იყო უკვე.“

თენგიზ შარმანაშვილი: „მესამე მოსმენა კი არა, როცა ის იქნება, რა ქვია…“

რადიო თავისუფლება: „არსებობს მისი შეცვლის საშუალება?“

თენგიზ შარმანაშვილი: „კარგით, თავიდან დავაინიციირებ და ისე ამოვაღებინებ.“

ამონარიდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო, რედაქტირებული ვერსიიდან
ამონარიდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო, რედაქტირებული ვერსიიდან

იურისტმა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან“, საბა ბრაჭველმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელისუფლებამ კანონში ჩაამატა ცვლილებები, რომლებითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.

„პირში“ მოიაზრება ფიზიკური პირი, იმიტომ რომ სხვა მხრივ „პირის“ ჩაწერის აუცილებლობა არ არსებობს. ჯერ ერთი, ისედაც, გრამატიკულად, პირი ფიზიკურიც არის და იურიდიულიც, მაგრამ სუფთა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, კანონში ისედაც არის ააიპ-ი დაკონკრეტებული, აგრეთვე ორგანიზაცია და დაწესებულებაც ისედაც არის დაკონკრეტებული, მაგრამ „პირი“ წერია იმიტომ, რომ ეს ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც“, - გვითხრა ბრაჭველმა.

იურისტის აზრით, კანონის ეს ჩანაწერი გავრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ის ინფორმაცია, რომელსაც ითხოვს იუსტიციის სამინისტრო.

„ეს შეიძლება იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ამით შეზღუდული არ არის და ეს არსად წერია. ასეთი პირი შეიძლება იყოს ორგანიზაციის თანამშრომელი, მეტიც - სერვისპროვაიდერი ან ბენეფიციარიც, თუ ეკითხებიან სერვისზე, რომელიც მან მიიღო“, - დაამატა ბრაჭველმა.

განახლება

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ ინფორმაციის მოძიების დროს ფიზიკური პირებიც ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფოს ინფორმაცია მიაწოდონ.

„ტყუილია, თითქოს, ამ ჩანაწერებით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზეა საუბარი, აბსოლუტური ტყუილია, - თქვა პარლამენტის სპიკერმა, თუმცა, როდესაც საქმე ეხება მონაცემების დამუშავებას, მან განაცხადა, - ინფორმაციის მოპოვება საჭიროა ხოლმე ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია“.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“

სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ პრეზიდენტთანაა. სალომე ზურაბიშვილს ვეტოს დასადებად 2-კვირიანი ვადა აქვს. ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც მის მიღებას.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG