Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში განიხილეს საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა


საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი: რუბლი და ლარი
საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი: რუბლი და ლარი

მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, „რათა რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“

ფორუმის მონაწილეები
ფორუმის მონაწილეები

პადალკოს თქმით, ვინც რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მშენებლობის საკითხშია ჩართული, "მისხალი ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ იქნება გაყინული.“ ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.

მან გაიხსენა, რომ გასული წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და აღდგა საჰაერო მიმოსვლა.

„ბიზნესსაბჭოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულდება ეკონომიკურ და კულტურულ დღის წესრიგთან გადაკვეთაში", - აღნიშნა პადალკომ.

ვლადიმირ პადალკო
ვლადიმირ პადალკო

მისი თქმით, „ზოგ შემთხვევაში, ერთი კონცერტით შეიძლება გადაიფურცლოს ის მძიმე ფურცელი, რომელიც მრავალწლიანი დიპლომატიური გზებით ვერ გადაიფურცლა.“

პადალკომ ახსენა სავაჭრო-ლოგისტიკურ სფეროში „დიდი ამბიციები“. ლაპარაკია „საავტომობილო გადაზიდვების გაფართოებაზე“, მათ შორის შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, ასევე - „სარკინიგზო შეტყობინების აღდგენაზე“ (მანამდე საუბარი იყო ინგუშეთის გავლით ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე).

რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ მხარი დაუჭირა თანამშრომლობის „წინსვლას“, რათა, როგორც მან თქვა, შვილებს დაუტოვონ „რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ძლიერი საძირკველი.“

რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის, იური ბალაშოვის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს რუსეთიდან 1,2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 10%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და საქართველოში ტურისტების მთლიანი რაოდენობის 23,2%-ს შეადგენს. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან, მინვოდიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით კვირაში 30-ზე მეტი ავიარეისი სრულდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები გაფართოვდება და დაემატება რუსეთისა და საქართველოს ახალი ქალაქები.

სხდომა 14 მაისს ჩატარდა. სხდომაზე წაიკითხეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დმიტრი ვოლვაჩის მისასალმებელი წერილი. პირადად და ვიდეოზარის საშუალებით სხდომაში მონაწილეობდნენ ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია Трипспейс -ის მფლობელი სოსო გურული, საქართველოში გლამპინგის მფლობელი ვიტალი იაზვენკო, VR Holding-ის გაყიდვების მენეჯერი მარიკა ბურჭულაძე, კომპანია Green Garden-ის გენერალური მენეჯერი თამარა ბერულავა, ქართული ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დმიტრი კოსტაროვი.

ფორუმის მონაწილეები
ფორუმის მონაწილეები

მანამდე, 12-დან 14 მაისამდე, მოსკოვში რუსეთის ქართული სათვისტომოს ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სიტყვით მიმართეს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს.

სათვისტომოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ

•თანამემამულეებს გამოცდის გარეშე უნდა მიანიჭოს მოქალაქეობა;

• უნდა გაახანგრძლივოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება;

• მოაგვაროს შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში რიგების პრობლემები;

• შექმნას სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩასული თანამემამულეების ინტეგრაციის პროგრამები;

• გააფართოოს თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის უფასო ონლაინ სწავლების სახელმწიფო პროგრამები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG