Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას, მიგვაჩნია, რომ სატყუარაა - "ჯიუტი" კობახიძის ინიციატივაზე


"არა რუსულ კანონს" საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 13 მაისი, 2024 წელი
"არა რუსულ კანონს" საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 13 მაისი, 2024 წელი

მოძრაობა "ჯიუტი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას განცხადებით პასუხობს და "მკაცრად ემიჯნება" ყოველგვარ დისკუსიას ე.წ. აგენტების კანონზე.

"მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს", - წერია განცხადებაში.

"ჯიუტი" მოუწოდებს კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში:

"ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!"

17 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „ჩამცხრალი ემოციების ფონზე“ კანონზე „ჯანსაღი დისკუსიის“ გამართვა შესთავაზა.

"გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუკის გვერდზე.

მანამდე, 10 მაისს, ირაკლი კობახიძემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ჩართულ და "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე. წერილში ის ჩამოთვლიდა მოძრაობებს, რომლებშიც პროტესტის მონაწილეები არიან გაერთიანებული და მათ ძალადობრივად ახასიათებდა.

ამასთან, მან ახალგაზრდები შეადარა გიგლა ბერბიჭაშვილს, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ესროლა.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG