Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია სისხლის სამართლის ის მუხლები, რომლითაც აქციაზე მყოფ ადამიანებს შსს იბარებს


საპოლიციო ძალა მობილიზებულია „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციის დროს
საპოლიციო ძალა მობილიზებულია „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციის დროს

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს. იმის მიუხედავად, რომ უწყება არ ამხელს, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც გამოკითხვაზე დაიბარეს, სოციალური ქსელით გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული უწყების ფოტო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ის დაბარებულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებლის მიერ.

ლაშა დიაროვისთვის ჩაბარებული უწყება
ლაშა დიაროვისთვის ჩაბარებული უწყება

ოფიციალურ დოკუმენტში წერია მხოლოდ საქმის ნომერი და არა - შინაარსი ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომლითაც გამოსაკითხ ადამიანს წარმოდგენა შეიძლება შეექმნას საკითხთან დაკავშირებით.

აქციის სხვა მონაწილეები, რომლებიც გამოკითხვაზე გამომძიებელმა ტელეფონზე კომუნიკაციით დაიბარა, წერენ, რომ გამოძიება „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. ისინი პოლიციაში დაბარებას დაშინებად აღიქვამენ.

„მეგობრებო, სწორედ ეს ფორმა აქვს რეპრესიას, ტერორსა და შიშის დანერგვის სურვილს, რასაც ერთი წამითაც არ უნდა დავყვეთ. ეს ქვეყანა ნამდვილად ჩვენია - ამ ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეების და სხვანაირად არ იქნება. გავაგრძელოთ გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობა ვიდრე არ გაუუქმებიათ“, - წერს ლინა ღვინიანიძე სოციალურ ქსელში. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შსს-ში დაიბარეს.

გამოკითხვაზე დაბარებულთა მონაყოლის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. კერძოდ:

  • მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა - ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.

გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა საღინაძეც. მისი თქმით, მას გამომძიებელი არ ესაუბრა საქმის დეტალების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურო იმნაძე გამოსაკითხად დაბარებულ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს:

  • ტელეფონზე საუბრის დროს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება სცადონ გამომძიებლისგან - რა საქმეა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ.
  • გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია - უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და ასე სცადოს პასუხების მიღება. სასამართლოში მისვლა სავალდებულოა;
  • ჩვენების მიცემის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ - „მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ, რომ დაინახეთ/მოისმინეთ“;
  • უმჯობესია, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მიხვიდეთ.

„[დაბარებების] ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა“, - აცხადებს გურო იმნაძე.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG