Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხო ნომრებიდან შემოსული ზარების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 70-მდე განცხადება მიიღო


ნომრები, რომლებიდანაც მოქალაქეებს ურეკავდნენ.
ნომრები, რომლებიდანაც მოქალაქეებს ურეკავდნენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან, რომლებიც შეეხება უცხო ნომრებიდან რეკვას, ათამდე განცხადება/შეტყობინება, რომლებიც თავიანთი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.

სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების მფლობელების გარკვევის და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე ეხმიანება ე.წ. მონაცემთა ბაზების შექმნის საკითხს და აცხადებს, რომ რადგან ჯერ ბაზები არ შექმნილა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ შეაფასოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერება, რომელიც მოწესრიგებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად.

„ აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. ამასთანავე, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი. შესაბამისად, მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით.

რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, მე-2 მუხლით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი სუბიექტი არის მხოლოდ ორგანიზაცია, თუმცა, კანონპროექტის ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კანონპროექტის ჩანაწერს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებით, იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სამსახურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამუშავებისთვის აუცილებელი კონკრეტული, მკაფიო და კანონიერი მიზანი:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

ხსენებული დათქმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგი“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული სამართლებრივი აქტების მეშვეობით მოწესრიგდეს კანონპროექტს მიღმა დარჩენილი მონაცემთა დამუშავების პროცესები.

რადგან კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, მასზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ყველა ვალდებულება, მათ შორის:

  • მონაცემთა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის,
  • მონაცემთა დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების,
  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელების, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის მექანიზმის გამოყენებისა და
  • კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ პროცესში დაცულ უნდა იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა 7 მაისს დაიწყეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ უცხო ქვეყნის სატელეფონო ნომრით დაუკავშირდა უცნობი, რომელმაც მათ აგინა. მეორე დღეს იმავე ადამიანებთან დასარეკად უკვე საქართველოში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებს იყენებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG