რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის არბიტრაჟის სასამართლომ დააპატიმრა რუსეთის აქტივები ევროპის სამ ბანკში - სულ 700 მილიონი ევროს ოდენობით.
ამის შესახებ წერს Financial Times-ი, სასამართლო დოკუმენტების დამოწმებით. გაზეთი აღნიშნავს, რომ დაპატიმრებულია Deutsche Bank-ის 238 მილიონი ევრო, Commerzbank-ის 94 მილიონი ევრო და UniCredit-ის 462 მილიონი ევრო.
სარჩელი ბანკების წინააღმდეგ შეიტანეს კომპანია „რუსხიმალიანსმა“ - „გაზპრომის“ შვილობილმა ფირმამ და „რუსგაზდაბიჩიმ“.
2021 წელს „რუსხიმალიანსმა“ გერმანიის კომპანია Linde-ს შეუკვეთა ლენინგრადის ოლქში გაზის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტირება და აშენება. Deutsche Bank-ი, Commerzbank-ი და UniCredit-ი გარანტორები იყვნენ შეთანხმებაში. "რუსხიმალიანსმა" Linde-ს ავანსი გადაუხადა, მაგრამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე და შემდგომი სანქციების გამო კომპანიამ მუშაობა გააჩერა. ბანკებმაც ვერ შეძლეს გარანტორის ამოცანის შესრულება, რადგან რუსეთთან ურთიერთობა შეიზღუდა. ამის შემდეგ „რუსხიმალიანსმა“ სასამართლოს მიმართა და მათ უჩივლა. 2022 წელს სასამართლომ დააკმაყოფილა „რუსხიმალიანსის“ სარჩელი და Linde-ს 35 მილიარდი რუბლის (385 მილიონი დოლარი) ოდენობის რუსული აქტივები დააპატიმრა.
წელს თებერვალში, სასამართლომ 143 მილიარდი რუსული რუბლის (თითქმის 1,6 მილიარდი დოლარი ) გადახდა დააკისრა გერმანულ კომპანიას "გაზპრომის" შვილობილის სასარგებლოდ. მარტში „რუსხიმალიანსმა“ Linde-ს წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა 105,5-ის (1.2 მილიარდი დოლარის) მოთხოვნით.
ფორუმი