Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს 70 წელი შეუსრულდა


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტები. მიუნხენი, 1960 წელი
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტები. მიუნხენი, 1960 წელი

ზუსტად 70 წლის წინ - 1954 წლის 20 მაისს - დაიწყო რადიოსადგურ "ოსვობოჟდენიეს" ("გათავისუფლება") მაუწყებლობა ბელარუსულ ენაზე. ეს დღე ითვლება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის დაბადების დღედ.

რადიო 1953 წელს დააფუძნა ბოლშევიზმისგან გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა, რის შემდეგაც დაიწყო რუსულენოვანი მაუწყებლობა. ორგანიზაცია "საბჭოთა კავშირის ხალხთა გათავისუფლების ლიგა" კი ორგანიზებას უწევდა მაუწყებლობას საბჭოეთში მცხოვრები სხვა ხალხების ენებზე, ბელარუსულის ჩათვლით. რადიო მიუნხენიდან მაუწყებლობდა. ბელარუსული სამსახურის პირველი ხელმძღვანელი იყო ვინცენტ ჟუკ-გრიშკევიჩი - საბჭოთა ბანაკების ყოფილი პატიმარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა გენერალ ანდერსის პოლონურ არმიას. მოგვიანებით იგი კანადაში ცხოვრობდა.

საბჭოთა ბელარუსის ტერიტორიაზე რადიო თავისუფლების პირველი კორესპონდენტი 1988 წელს გახდა ალეს ლიპაი - რომელმაც შემდგომში დააფუძნა ბელარუსის პირველი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო "ბელაპანი".

რადიო თავისუფლების ოფიციალური ბიურო ბელარუსში ვერ დაარსდა. ხელისუფლებაში ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოსვლის შემდეგ ჟურნალისტთა მუშაობას მზარდი შეზღუდვები დაუწესდა. 2020 წელს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ხელისუფლებამ დაბლოკა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საიტი, რომელიც აქტიურად აშუქებდა აქციებს. შემდგომში რადიო თავისუფლება ბელარუსში გამოცხადდა ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მუშაობაში მონაწილეობაც სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.

ბელარუსული სამსახურის სამი ჟურნალისტი - იგორ ლოსიკი, ოლეგ გრუძილოვიჩი და ანდრეი კუზნეჩიკი - ამჟამად ბელარუსის საპატიმროებში არიან, თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო. უფლებადამცველებმა ისინი პოლიტპატიმრებად გამოაცხადეს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური აგრძელებს ბელარუსსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, მიმართავს სხვადასხვა გზას, რათა თავი აარიდოს წინაღობებს და ბელარუსში მსმენელს მისწვდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG