Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჰიბრიდული ომის თავსატეხი


ავტორი: გიორგი ბუტიკაშვილი

2014 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან თითქმის ასი წლის თავზე, მსოფლიო ომის განსხვავებული ფენომენის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის მიერ ფარულად განხორციელებული ყირიმის ანექსია შეიძლება თანამედროვე ომის წარმოების ათვლის წერტილადაც კი მივიჩნიოთ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში და კრემლის ჩარევა დასავლეთის სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩართულობამ გამოავლინა რუსული სამხედრო ძალების ჯერ კიდევ უცნობი შესაძლებლობები. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოსკოვს ადანაშაულებენ Brexit-ის რეფერენდუმზე გავლენის მოხდენაში, 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთს ბრალი დასდეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მანიპულირებაში, გერმანიაში კრემლმა სცადა შეერყია კანცლერ ანგელა მერკელის ხელახალი არჩევის შანსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული თანამედროვე ომის თავისებურებანი და ფორმები სულ უფრო მეტად არაკონვენციური და ბუნდოვანი გახდა, რაც სამეცნიერო ლიტერატურასა და დებატებში ხასიათდება, როგორც ომის ახალი ფენომენი, ე.წ. ჰიბრიდული ომი.

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს რუსული ჰიბრიდული ომი, გადავინაცვლოთ შორეულ წარსულში და არწივის თვალით შევხედოთ დიდ სურათს. მაგალითად, ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ასევე ძველ ინდოეთში დედამიწას წარმოიდგენდნენ ნახევარსფეროდ, რომელიც ოთხ სპილოზე იდგა. გარე სამყარო ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა ბრტყელ ხმელეთს, რომლის თავზე ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული. მოკლედ რომ ვთქვათ, უძველეს დროში საზოგადოება შეთანხმებული იყო და აღიარებდა კონკრეტულ რწმენა-წარმოდგენას, რომელიც მათი დაკვირვებით ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა და ყოველი საპირისპირო აზრი ან მტკიცებულება, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა. ასე შეეწირა 1600 წელს ჯორდანო ბრუნო იმის მტკიცებას, რომ სამყარო უსასრულოა და დედამიწა არა სტატიკური, არამედ მუდმივად ცვალებადი ორგანიზმია. კათოლიკურმა ეკლესიამ ჯორდანო ბრუნოს დააბრალა ერეტიკოსობა და კოცონზე დაწვა. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე სასულიერო ელიტას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. რელიგიური ტრადიცია მათ საშუალებას აძლევდა გაეცათ ინდულგენციები, იგივე ეკლესიის მიერ სასყიდლით გაცემული ცოდვების მიმტევებელი სიგელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებაზე გაბატონებული კლასი ცდილობა ხალხი დაერწმუნებინა იმ სიმართლეში, რომელიც მათ ძალაუფლებას კიდევ უფრო განუმტკიცებდა. თუმცა სამყაროს განვითარებასთან ერთად, იცვლებოდა კომუნიკაციის წყაროებიც და ინფორმაციამ არა მხოლოდ წიგნებით და პროკლამაციებით დაიწყო გავრცელება, არამედ გაჩნდა გაზეთები, ჟურნალები, უკვე მოგვიანებით კი რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი. აღნიშნულმა ცვლილებმა კიდევ უფრო დააჩქარა ინფორმაციის მიმოცვლა და ადამიანის გონება კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა, რაც ჯერ საბჭოთა კავშირმა, შემდეგ კი მისმა მემკვიდრე რუსულმა რეჟიმმა ეტაპობრივად ფართომასშტაბიან იარაღად გადააქცია.

მაგალითად, ერთ-ერთი რუსი სამხედრო თეორეტიკოსის, ევგენი მესნერის თქმით, სეკულარიზმმა და ლიბერალიზმმა, ადამიანის უფლებების წინა პლანზე წამოწევამ და მექანიზაციამ, ურბანიზაციამ და დეკოლონიზაციამ, ხალხის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში და საერთაშორისო ინსტიტუტების გამოჩენამ, კაცობრიობის პროგრესს შეუწყო ხელი. თუმცა, მათ ასევე შექმნეს შესაძლებლობები მოწინააღმდეგის პოლიტიკური ნების შესუსტებისთვის, რაც გამოიხატება მოსახლეობის გონებაზე ზემოქმედებით.

"ხალხი ომის აქტიური მონაწილე იქნება და შესაძლოა უფრო აქტიურიც, ვიდრე სამხედრო საშუალებების […გამოყენებაა]. წინა ომებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ტერიტორიის დაპყრობა ითვლებოდა. დღეიდან, მოწინააღმდეგის სულის დამორჩილებაა ცენტრალური მიზანი".

ომის კიდევ ერთი განზომილება, რომელსაც მესნერი განმარტავს, არის ომის ფსიქოლოგიური ხასიათი: "მოწინააღმდეგის საზოგადოების სული გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამიზნე, [...] მტრის სულისკვეთების დეგრადაცია [...] ამის მთავარი საშუალებაა პროპაგანდისა და აგიტაციის [გამოყენება]". მესნერის აზრით, პროპაგანდა წარმოადგენს ერთ-ერთ ძლევამოსილ ინსტრუმენტს, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა ფორმა შეიძინოს; „პროპაგანდა სიტყვით“, რომელიც მოიცავს რადიოს, ოფიციალურ სიტყვით გამოსვლებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფილმებს და პუბლიკაციებს და „პროპაგანდა ქმედებით“, რომლის ძირითადი ღირებულებაა ზემოაღნიშნული წყაროების გამოყენება ქმედებისთვის, რომელსაც ექნება ფსიქოლოგიური ზეგავლენა საზოგადოებაზე.

"დღეს, ფსიქოლოგიური ომის ეპოქაში, არც ბრძოლაში გამარჯვება და არც ტერიტორიის დაპყრობა არ წარმოადგენს თვითმიზანს: [...] ეს არც მოწინააღმდეგის ადამიანური რესურსების დესტრუქციას ეხება, არამედ მისი ფსიქოლოგიური ძალაუფლების განადგურებას." მესნერის აზრით, მთავარი ამოცანაა გონების კონტროლი და ემოციური კონტაქტის დამყარებაა, რაც ხელს შეუწყობს კეთილგანწყობილი ჯგუფების, ძირითადად ოპოზიციური მოძრაობების ან ამბოხებულების მობილიზებას, რომელსაც თავის მხრივ საზოგადოების დანარჩენი წევრების დემორალიზაციის და პოლიტიკურ არეულობის შექმნის უნარი შესწევს.

ვინაიდან თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, სადაც შესაძლებელია იცხოვრო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ამავდროულად ინტერნეტის მეშვეობით ლექციას დაესწრო გერმანიის უნივერსიტეტში და ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათი მიიღო სახლის კართან ისე, რომ იტალიური ბოლონეზეც არ დაგეწვას ღუმელში, მარტივია დავასკვნათ, რომ ევგენი მესნერის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მეთოდებმა და შესაძლებლობებმა უსაზღვროდ დიდი გავლენა მოიპოვა.

მაგრამ მაინც როგორ ხდება საზოგადოების გულზე და გონებაზე კონტროლის მოპოვება?

ადამიანი 21-ე საუკუნეში გლობალური ქსელის ნაწილად იქცა, თუმცა ისიც ცხადია, რომ იგი აღნიშნულ კომპლექსურად სტრუქტურირებულ სამყაროში ყველა ქსელის მონაწილე ერთდროულად ვერ იქნება. ის გლობალურ სივრცეში ნავიგაციისთვის იყენებს ძირითადად იმ სოციალურ ქსელებს, იმ რწმენა-წარმოდგენებს და ცოდნის მარაგს, რამაც მასზე, როგორც ინდივიდის ჩამოყალიბებაზე, მოახდინა გავლენა. ინდივიდის ფორმირებაზე კი შეიძლება იმოქმედოს უამრავმა ფაქტორმა, მათ შორის იმან, თუ როგორ ოჯახში აღიზარდა, სად სწავლობდა, ვინ ჰყავდა მეგობრები, როგორი სოციალური კავშირები ჩამოუყალიბდა ამ დროის მანძილზე და რამდენად ახდენენ აღნიშნული სოციალური კავშირები მის მსოფლმხედველობაზე ზეგავლენას. შესაბამისად, სოციალური ქსელები იძენენ ერთგვარ ძალაუფლებრივ ბერკეტს, მართონ საზოგადოებრივი ურთიერთობები და ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოების ფორმაციაზე, შექმნან ერთგვარი საზოგადოებრივი დისკურსები და აქციონ ისინი იმ ეპოქის სიმართლედ, ანდა ჭეშმარიტებად, რომელშიც თავად ცხოვრობდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ერთ დღესაც საზოგადოება შეთანხმდება, რომ ვაშლი არც წითელია, არც მწვანე და არც ყვითელი, არამედ ლურჯი, მაშინ მივიღებთ ახალ „სიმართლეს“ - ვაშლი ლურჯია, მაგრამ ვიქნებით კი მართლები? თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება.

სწორედ ასე ცდილობს რუსეთი სხვადასხვა სოციალური კავშირით და ქსელით ის ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოების საზოგადოებებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. მაგალითად, საქართველოს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ დასავლეთთან ინტეგრაციით ქართველი ერი დაკარგავს ქართულ იდენტობას და საქართველოს სუვერენიტეტს შეექმნება საფრთხე. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს აღნიშნულ დებულებას, მით უფრო მარტივი იქნება ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, რომ აღასრულოს ხალხის მოთხოვნა და ჩამოშორდეს დასავლეთს. მარტოდ დარჩენილი საქართველო კი რუსეთისთვის ერთი ლუკმაა, ისე, რომ ტანკების აგუგუნებაც არ დასჭირდება. რუსი სამხედრო თეორეტიკოსის, სერგეი რასტორგუევის მიხედვით, მტერი ისე უნდა გაწვრთნა ინფორმაციული მანიპულაციებით, დეზინფორმაციით და ტყუილებით, რომ საკუთარი ნებით დათმოს საკუთარი ჯავშანი.

როგორ ხდება ისე, რომ გაუთვითცნობიერებლად შეგვიძლია დავთმოთ საკუთარი ჯავშანი?

2015 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში მოქმედი რუსული „გორჩაკოვის ფონდი“ დახურა სტუდენტებში რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო. საქართველოში ,,გორჩაკოვის ფონდის” პარტნიორი ორგანიზაცია - ,,პრიმაკოვის ფონდი“ 2013 წლიდან თავისუფლად ოპერირებს. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოება, ევრაზიული კავშირის პოპულარიზება საზოგადოებაში და ნატოს საწინააღმდეგო კამპანია. გარდა ამისა, აღნიშნულ ნარატივებს ავრცელებს პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი”, ასევე ,,ნაციონალისტური დაჯგუფებები” - ,,ქართული მარში“ და პარტია ,,ერთობა, რაობა, იმედი“. პარტიის ლიდერი, ლევან ვასაძე, აქტიურად თანამშრომლობას რუს ფილოსოფოსთან და ქსელური ომის თეორიის ავტორთან, ალექსანდრე დუგინთან, რომელიც რუსეთს მოიაზრებს ევრაზიულ ცივილიზაციად, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნიკალური ფენომენია ევროპული და აზიური სოციო-კულტურული მახასიათებლებით და რომელმაც უნდა გააერთიანოს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები ,,დასავლეთის,, წინააღმდეგ. დუგინის თვალსაზრისით, ევრაზიის მოდელი არის ევრო-ატლანტიკური მოდელის საპირისპირო მხარე, რომელიც ორიენტირებულია მულტიპოლარული სამყაროს შექმნისკენ. აღნიშნულ დისკურსში ეთნონაციონალური კონსერვატიზმი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საქართველო დუგინის აღქმაში არც პროდასავლური უნდა იყოს და არც პრორუსული. საქართველომ პროქართული კურსით უნდა გააგრძელოს პოლიტიკურ არენაზე მოღვაწეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო მარტო უნდა დარჩეს რუსეთთან. აღნიშნულ დისკურსში ხშირად შემოდის ანტითურქული და თურქოფობიური ნარატივებიც, რომლებიც თურქეთს წარმოაჩენს ოკუპანტად და საქართველოს გამუსულმანების საფრთხედ. აღნიშნულ ნარატივს მკვლევრები ცრუ დილემებს უწოდებენ. ცრუ დილემის მთავარი ამოცანაა მთავარი პრობლემის გაბუნდოვანება და საზოგადოების ყურადღების გადატანა გამოგონილ საფრთხეებზე. ასევე 2021 წლის ზაფხულის დასაწყისში, ნატოს სამიტის წინ, როგორც ღიად, ასევე შეფარულად გააქტიურდნენ პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული, ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური აქტორები, რომლებიც სხვადასხვა დისკურსის მეშვეობით ცდილობდნენ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას და საქართველოს სთავაზობდნენ უსაფრთხოების ალტერნატიულ, კერძოდ, ნეიტრალიტეტის თემებით გაჯერებულ დისკურსებს.

და მაინც, რა არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი ორიენტირი?

  • რუსული თანამედროვე ომი ორიენტირებულია ძირითადად არასამხედრო მეთოდების გამოყენებაზე და საზოგადოების აზრის მანიპულაციისთვის იყენებს სხვადასხვა ქსელს.
  • რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური მიზანი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები საკუთარ ორბიტაზე დააბრუნოს და საბჭოთა კავშირის ერთგვარი რეინკარნაცია მოახდინოს, გაცხადებულია ასევე მათ საგარეო პოლიტიკურ განცხადებებში და იკითხება რუსულ თანამედროვე სამხედრო თეორიებშიც.
  • ბრძოლის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის გონება. ბრძოლის არეალი მოიცავს როგორც ვირტუალურ სივრცეს, ასევე სოციალური ცხოვრების ნებისმიერ ველს. ბრძოლა მიმდინარეობს ინფორმაციულ ველში სხვადასხვა დისკურსული გამოვლინებებით მანამდე, სანამ მიზანი მიღწეულია.
  • ამდენად, რუსული ჰიბრიდული ომი შესაძლოა განისაზღვროს, როგორც ომის წარმოების მრავალგანზომილებიანი, ყოვლისმომცველი და არატრადიციული მეთოდების ერთობლიობა, რომლის მთავარი მიზანია ომსა და მშვიდობას, მოკავშირესა და მოწინააღმდეგეს, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის გამყოფი ხაზის გაბუნდოვანება. შედეგად, არ არსებობს ომის ოფიციალური გამოცხადება და ფორმალური სამშვიდობო შეთანხმებები.

როგორ დავიცვათ თავი რუსული იმპერიალისტური საფრთხეებისგან? - გავაძლიეროთ ჩვენი ჯავშანი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ერთადერთი ჯავშანი.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG