Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაღუპული პრეზიდენტის ხსოვნის ცერემონიები იმართება


 თავრიზში ათასობით ირანელი შეიკრიბა. 21 მაისი, 2024 წელი
თავრიზში ათასობით ირანელი შეიკრიბა. 21 მაისი, 2024 წელი

ათასობით ირანელი შეიკრიბა ქალაქ თავრიზში 21 მაისს, რათა ეგლოვათ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომელიც 19 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრთან და კიდევ შვიდ სხვა ადამიანთან ერთად დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მეზობელი აზერბაიჯანის საზღვართან.

სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა სამგლოვიარო ცერემონიის კადრებს. ბევრი მონაწილე გულზე მჯიღს ირტყამდა, თეთრი ყვავილებით შემკული მანქანა კი ნელა მიდიოდა ხალხს შორის და მიჰქონდა სახელმწიფო დროშებშემოხვეული კუბოები.

"ყველა მოვიდა გარდაცვლილ პრეზიდენტთან და მის კოლეგებთან გამოსამშვიდობებლად", - თქვა თავრიზის დეპუტატმა მასუდ ფეზეშქიანმა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზია თავრიზში დიდი რაოდენობით ხალხის თავმოყრის შესახებ იტყობინებოდა, ზოგიერთი მიმომხილველი ხედავს მკვეთრ განსხვავებას რაისის გამო გლოვას და წარსულში გარდაცვლილი სხვა მაღალი თანამდებობის პირების სამგლოვიარო პროცესიებს შორის, ისლამური რესპუბლიკის 45-წლიანი ისტორიის მანძილზე. ირანმა რაისის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

რაისის ცხედარი თავრიზიდან, ავიაკატასტროფის ადგილთან უახლოესი ქალაქიდან, თეირანში გადააფრინეს, სანამ შიიტი მუსლიმების წმინდა ქალაქ ყუმში გაემართებოდნენ. ყუმიდან ცხედარს კვლავ თეირანში დააბრუნებენ და დაასვენებენ თეირანის მოსალას დიდ მეჩეთში, შემდეგ გადაასვენებენ თავის მშობლიურ ქალაქ მაშაჰდში, ირანის აღმოსავლეთში, და იქვე დაკრძალავენ 23 მაისს.

მგლოვიარეებს ხელში ეჭირათ პლაკატები რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის, თავრიზის იმამის და ავიაკატასტროფაში დაღუპული სხვა ოფიციალური პირების გამოსახულებებით.

ებრაჰიმ რაისის მიიჩნევდნენ ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.

მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ. მას ჰქონდა მეტსახელი - „თეირანის ჯალათი“ - 1988 წელს პოლიტპატიმრების მასობრივ სიკვდილით დასჯაში მონაწილეობის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG