Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ჯენინში, პალესტინელების თქმით, შვიდი ადამიანი მოკლა


ისრაელის არმიის ბულდოზერი ქალაქ ჯენინის გაუკაცრიელებულ ქუჩაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე. 21 მარტი, 2024 წელი. Reuters-ის თანახმად, რეიდის დროს შვიდი პალესტინელი, მათ შორის ექიმი მოკლეს.
ისრაელის არმიის ბულდოზერი ქალაქ ჯენინის გაუკაცრიელებულ ქუჩაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე. 21 მარტი, 2024 წელი. Reuters-ის თანახმად, რეიდის დროს შვიდი პალესტინელი, მათ შორის ექიმი მოკლეს.

ისრაელის ჯარებმა 21 მარტს რეიდი მოაწყვეს იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ ჯენინში, სადაც, Reuters-ის თანახმად, მოკლეს შვიდი პალესტინელი, მათ შორის ექიმი.

როგორც თვითმხილველებმა და პალესტინის ჯანდაცვის ორგანოებმა თქვეს, მსხვილ ოპერაციაში ჩართული იყო ათობით სატრანსპორტო საშუალება.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის სამიზნე იყვნენ შეიარაღებული მებრძოლები ქალაქში, რომელიც დიდი ხანია წარმოადგენს ჰამასის, "ფატაჰისა" და "ისლამური ჯიჰადის" შეიარაღებული მებრძოლების ცენტრს. (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.) მათი თქმით, რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი დახვრიტეს.

“ამოუცნობი შეიარაღებული პირები უეცრად შევიდნენ არეალში და ესროდნენ ყველა მოძრავ სხეულს ქუჩაში, - თქვა სასწრაფო დახმარების მძღოლმა ჰაზიმ მასარვამ, - მათი სამიზნე იყო ყველაფერი, რაც ინძრეოდა."

მძიმედ დაჯავშნილმა ბულდოზერებმა გაანადგურეს ქუჩები ქალაქის ცენტრთან ახლოს, რომლებსაც ისრაელის ძალები იცავდნენ სულ ცოტა 20 მანქანით. სროლისა და უპილოტო საფრენი მოწყობილობების ხმა ისმოდა ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დილის პიკის საათის განმავლობაში.

ხელისუფლების თქმით, შვიდ დაღუპულს შორის არიან ერთი მასწავლებელი და ერთი ექიმი, რომლებიც ქალაქში, სამსახურში მიდიოდნენ. დაღუპულთა და ცხრა დაშავებულის ვინაობების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა..

"ჯენინის საავადმყოფო მთავარი სამთავრობო საავადმყოფოა ჯენინში და ის ახლა ალყაშემორტყმულია, - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა უისამ ბეიკერმა, - როგორც ჩანს, წინ მძიმე საათები გველის, იმიტომ რომ ოკუპაცია მეტ ძალებს იკრებს." მან თქვა, რომ დაღუპულთა შორისაა საავადმყოფოს ქირურგი, რომელიც იმ დროს, როცა მოკლეს, სამსახურში მიდიოდა.

ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რომელიც პალესტინელების სურვილით, მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბირთვი უნდა გახდეს ღაზასთან ერთად, ძალადობა გაიზარდა შარშან ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.

ისრაელის უშიშროების ძალები მასშტაბურ რეპრესიებს მიმართავენ რეგიონში, სადაც ათასობით ადამიანი დააპატიმრეს.

ომის დაწყებიდან შვიდი თვის განმავლობაში, ასობით პალესტინელი დაიღუპა დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში. ბევრი მათგანი ისრაელის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებული მებრძოლი იყო, მაგრამ იყვნენ სხვებიც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები და ახალგაზრდები, რომლებიც ქვებს ისროდნენ. რამდენიმე ისრაელელ მოსახლეებთან შეტაკებისას დაიღუპა.

ამავდროულად, პალესტინელებმა მოკლეს ათზე მეტი ისრაელელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG