Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი X-ზე გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს მიღებული რეკომენდაციები.

"ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მტკიცედ ურჩია საქართველოს, გააუქმოს 'უცხოური გავლენის შესახებ კანონი' არსებული ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დასაცავად", - წერს ბორელი.

21 მაისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით."

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.

სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.

ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG