Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით მიმართავენ


ბექა ბასილაია, ადვოკატი
ბექა ბასილაია, ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას ევროკონვენციით დადგენილ ვადაში საჩივრით მიმართავენ და მოელიან, რომ მათ არგუმენტებს გაითვალისწინებენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელზეც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სააკაშვილის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა რა დადგინდა.

"სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი არის "პოლიტიკური მოტივაციით დევნილი, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე დროს, მას მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც კანონით დანაშაულად არ არის მიჩნეული."

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 მაისს, გამოაქვეყნა.

ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს.

  • ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მესამე (დ) პუნქტების დარღვევა არ დაადგინა;
  • სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე - არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს) დარღვევა;
  • ევროსასამართლომ არ დაუშვა საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები - დაუშვებელია შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული) საფუძველზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ის ამგვარად შეაფასა: „სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ.“

გასული წლის 12 მაისს სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზეც. მანამდე, თებერვალში, საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია. 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG