Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ოფიციალურად დათხოვნილია


დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები პარლამენტის ახალ შემადგენლობას 2024 წლის 4 ივლისს აირჩევენ.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები პარლამენტის ახალ შემადგენლობას 2024 წლის 4 ივლისს აირჩევენ.

დღეიდან, 30 მაისიდან, ოფიციალურად დათხოვნილად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტი. მიზეზი არჩევნებია, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება. პარლამენტის დათხოვნა ავტომატურად ნიშნავს, რომ თემთა პალატაში ვაკანტური გახდა 650-ვე ადგილი.

დიდი ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მეფე ჩარლზ მესამეს პარლამენტის დასათხოვად გასულ კვირაში მიმართა და თანხმობა მიიღო.

ბრიტანელი ანალიტიკოსები, რომლებიც არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას ვარაუდობდნენ, საპარლამენტო არჩევნების ივლისში დანიშვნას უკავშირებენ სუნაკის მცდელობას, კონსერვატორების სასარგებლოდ გამოიყენოს ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაციის შემცირება.

მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, ბოლო გამოკითხვებით, კონსერვატიული პარტია 20%-ით ჩამორჩება ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც 14 წელია ოპოზიციაშია.

22 მაისს, როცა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა გადაწყვეტილება არჩევნების 4 ივლისს ჩატარების შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სტარმერმა მედიას უთხრა, რომ ამ მომენტს მთელი ბრიტანეთი ელოდებოდა, რადგან ქვეყნის და საზოგადოების შეცვლის დროა და არჩევნები ამის შესაძლებლობას ქმნის.

გაერთიანებულ სამეფოში წინა არჩევნები 2019 წელს ჩატარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG