დეპუტატებსა და მერიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ჩაიშალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს თანამდებობის პირების იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ საზოგადოებას „აგენტების კანონის“ მიღება მიულოცა. „გილოცავთ ყველას ქართული კანონის მიღებას”, - თქვა მან, როგორც კი დარბაზში შევიდა. მის ამ ფრაზას შეძახილებით შეხვდნენ და გააპროტესტეს დარბაზში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.
დარბაზში ზუგდიდის მერიის სამსახურებისა და ააიპ-ების უჩვეულოდ ბევრი თანამშრომელი იმყოფებოდა. სხდომაზე მივიდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერიაც.
საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ექსპრემიერ გახარიას პარტიის წევრია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ამის გამო, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დარბაზი დატოვა გვარამია-მელიას მოძრაობა „ახლის“ 14-მა წევრმა.
დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომას, ისევე როგორც წინა ექვს სხდომას, არ დასწრებია „ნაციონალური მოძრაობის” რვა წევრი. საკრებულოს უნდა განეხილა თანამდებობის პირების გადაყენების შესახებ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წერილობითი მოთხოვნა. 45-წევრიან საკრებულოში, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციაა, თანამდებობები გადანაწილებულია ექსპრემიერ გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ სამ და გვარამია-მელიას მოძრაობა „ახლის“ 14 წევრს შორის. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის საკმარისი მანდატი არ აქვს, გარიგება დადო ენმ-ის დეპუტატებთან.
„საქართველოსთვის” და „ახლის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ოცნებამ” სხდომა მიზანმიმართულად ჩაშალა, რადგან ენმ-ის წევრები არ გამოცხადდნენ და იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ამით ახსნეს მათ მმართველი გუნდის მხარდამჭერების და მერიის თანამშრომლების სიმრავლეც. „ქართული ოცნება” ამ ბრალდებას უარყოფს. ისინი ირწმუნებიან, რომ სხდომა ჩაიშალა, რადგან დარბაზი დატოვა დეპუტატების ნაწილმა.
ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის 23 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარების გარეშე ამას ვერ მოახერხებენ „ქართული ოცნების“ 18 და „ხალხის ძალის“ ორი დეპუტატი. პარტიის „საქართველოსთვის“ და მოძრაობა „ახლის“ წევრებს ენმ-ის და მმართველი გუნდის გარიგებაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ერთდროულად დაიწყეს სხდომების გაცდენა. დღემდე ენმ-ის წევრებმა ექვსი სხდომა გააცდინეს, ხოლო „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა - ხუთი.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა თანამდებობის პირების იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს 10 აპრილსაც მიმართეს. შეტანილ წერილში ავტორებმა, ჯამში 20-მა დეპუტატმა, საკითხის განხილვის თარიღად მაისი თავად მიუთითეს. ზუგდიდის საკრებულოში აპრილში ხუთი სხდომა კვორუმის არქონის გამო გადაიდო. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისთვის კენჭისყრა დეპუტატებმა მხოლოდ 15 აპრილს შეძლეს, როცა დარბაზში „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრები სრულად გამოცხადდნენ. მაშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ სანდრო სორდიამ ჟურნალისტებს სხდომების გაცდენის ბუნდოვანი მიზეზი დაუსახელა, აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდათ პოლიტიკური კონსულტაციები, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისთან და რა თემაზე. ამასთან, მან უარყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგება და თქვა, რომ ენმ-ის წევრების ბოიკოტი ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის კონფლიქტს უკავშირდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა” სხდომის გაცდენის მიზეზებსა და გარიგების შესახებ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი