Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე


ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფლება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი "ძლიერი" იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში.
ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფლება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი "ძლიერი" იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში.

აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი. რედ.) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. მან აშშ-ის გადაწყვეტილებას მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე, უწოდა „წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც მას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".

30 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.

მანამდე „გარდიანთან“ მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფლება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი "ძლიერი" იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში, ვიდრე ხარკოვის მეზობელი სასაზღვრო ტერიტორიებია. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამ აკრძალვის გაუქმებაზე თეთრმა სახლმა უარი განაცხადა.

31 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა და გადაწყვეტილება ახსნა ხარკოვის ოლქზე ბოლო დროს რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით.

ამ ვითარებაში გერმანიის პოზიციაა, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დაიცვას თავი მსგავსი თავდასხმებისგან.

გერმანია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით, მათ შორის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით. თუმცა დღემდე იგი უარს ამბობდა, კიევისთვის მიეცა ამ იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეტევის უფლება.

მაისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე.

23 აპრილს ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი 617 მილიონი დოლარის (500 მილიონი გირვანქის) ოდენობით. სამხედრო დახმარების პაკეტში, პრესისთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, შევა 1600-ზე მეტი შეტევითი და საზენიტო რაკეტა, მათ შორის ახალი პარტია Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 250 კილომეტრს შეადგენს.

მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი იარაღის მიწოდება წარმოადგენს "წითელ ხაზს", რომლის გადაკვეთისთვისაც პასუხს გასცემენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG