Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ" - ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლო სავიზო სანქციებზე


2 ივნისს თელავში ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვებისთვის“ ემზადება.
2 ივნისს თელავში ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვებისთვის“ ემზადება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში არ უპასუხა მედიის შეკითხვებს „აგენტების კანონის“ მიმართ თავის დამოკიდებულებასა და აშშ-სგან და ევროკავშირის ქვეყნებისგან მოსალოდნელ სავიზო სანქციებზე.

„თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ“, - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, სანქციების თემაზე დასმული არაერთი შეკითხვის საპასუხოდ. ყოფილი პრემიერ მინისტრის ვაჟი აშშ-ში სწავლობს, სადაც ის კერძო თვითმფრინავით მან პირადად ჩაიყვანა.

„რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებშიც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპასთან შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით. ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი, საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, "ქართული ოცნების" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

ექსპრემიერმა აღარ გაიმეორა მანამდე გამოთქმული მოსაზრება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიციირებულ და უკვე დამტკიცებულ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.

„კანონზე ნუღარ ინერვიულებთ. კანონი არის მიღებული. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, სად გაემგზავრა თბილისიდან ვეტოს დაძლევის წინ?

11 მაისს მან ერთგვარი უკმაყოფილება გამოხატა „აგენტების კანონის“ მიზნებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ მიესალმება „უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების“ ლეგალიზებას. ის ასევე ლაპარაკობდა გაუგებრობის განმუხტვისა და ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე.

2 ივნისს თელავში ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვებისთვის“ ემზადება. მან „ძალიან დიდი გაუგებრობა“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, "ქართულ ქარტიას", რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ევროპული ქოლგის ქვეშ თავმოყრასა და, გაერთიანების გარეშე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო შეთანხმებას გულისხმობს.

„რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე“, - თქვა ღარიბაშვილმა ზურაბიშვილზე.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

"არა რუსულ კანონს!" - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

14 მაისს, როცა „აგენტების კანონი“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG