Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, არქიეპიკოპოსმა გალსტანიანმა მომხრეებს ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტისკენ მოუწოდა


ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა ინფორმაცია ბაქოსა და ერევანს შორის ტავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების შესახებ.
ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა ინფორმაცია ბაქოსა და ერევანს შორის ტავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების შესახებ.

ოპოზიციური მოძრაობის „ტავუში სამშობლოსათვის“ ლიდერმა, ბაგრატ გალსტანიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 10 ივნისიდან დაიწყონ ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ.

„ჩვენ დაუღალავად უნდა ვუკარნახოთ ხელისუფლებას ჩვენი ნება“, - განაცხადა სომეხმა სასულიერო პირმა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ბაგრატ გალსტანიანმა სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ 11 ივნისს სესიის ჩატარების მოთხოვნით, რომლის დღის წესრიგში უნდა იყოს სომხეთის მთავრობის გადადგომა.

„10 ივნისს ეროვნული ასამბლეის საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ. დეპუტატები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ხალხის ნების შესაბამისად. ჩვენი თანდასწრებით, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა დაუშვან,"- განაცხადა ბაგრატ გალსტანიანმა.

ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა ინფორმაცია ბაქოსა და ერევანს შორის ტავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების შესახებ. ერევანი თანახმაა ბაქოს გადასცეს ოთხი სოფელი, რომლებიც აზერბაიჯანის სსრ-ის ნაწილი იყო, მაგრამ 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებს. მოძრაობა "ტავუში სამშობლოსთვის" სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ცალმხრივად გადაცემაში ადანაშაულებს, მის გადადგომას და დროებითი მთავრობის ფორმირებას მოითხოვს.

მოძრაობის აქტივისტებმა მსვლელობა აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფელ კირანციდან 4 მაისს დაიწყეს და მას შემდეგ, ერევანსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში დაუმორჩილებლობის აქციებს მართავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG