Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატებმა შესაძლოა, პარლამენტის ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის ვერ გამოიყენონ - პაპუაშვილის ოპოზიციას საპასუხი ზომებს დაჰპირდა


პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის პლენარული სხდომა 3-საათიანი დაგვიანებით გაიხსნა. 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე კვორუმი (76 დეპუტატი) ორი მცდელობის მიუხედავად ვერ შეივსო და ამიტომ შესვენება გამოცხადდა.

დაახლოებით 15:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატთა მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 77-მა პარლამენტარმა რეგისტრაცია გაიარა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს ოპოზიციიდან, თეონა აქუბარდიას საპასუხო ზომების გატარებას დაჰპირდა.

საქმე ის არის, რომ აქუბარდიამ 11 ივნისს რეგისტრაცია არ გაიარა და ამით საპარლამენტო უმრავლესობას პლენარული სხდომის დასაწყებად საჭირო კვორუმის შევსებაში არ დაეხმარა. პაპუაშვილმა კი მას მიმართა, რომ ამის გამო, თვის ბოლოს ხელფასი ჩამოეჭრება.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რეგლამენტით, სამშაბათი დადგენილია, როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დღე, რომელსაც „უპირველეს ყოვლისა ოპოზიცია იყენებს“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რადგან მან რეგისტრაცია არ გაიარა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან „ასეთივე უპასუხისმგებლობა“ მიიღოს და სამშაბათობით მათაც არ გაიარონ რეგისტრაცია.

„დაგტოვოთ პოლიტიკური განცხადებების გარეშე და სხდომა ოთხშაბათს დავიწყოთ ხოლმე“, - თქვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომები პოლიტიკური განცხადებებით მხოლოდ სამშაბათობით იხსნება.

ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ოპოზიციის დიდ ნაწილს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG