Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში დიალიზის კაბინეტი დაიხურა - 23 ადამიანი დახმარებას ითხოვს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კლინიკა “ბომონდი”, რომელიც ფოთში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იყო, სადაც დიალიზის ცენტრი ფუნქციონირებდა, ფინანსური პრობლემების გამო დღეიდან, 13 ივნისიდან, აღარ მუშაობს. შედეგად ფოთის მცხოვრები 23 ბენეფიციარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების გარეშე დარჩა.

პროგრამით მოსარგებლეები დიალიზის პროცედურისთვის დღეს ადგილობრივი მერიის დაფინანსებული ტრანსპორტით უახლოეს ქალაქებში გადაიყვანეს, თუმცა როგორ შეძლებენ მომავალში ამ სამედიცინო სერვისით სარგებლობას, პაციენტებისთვის გაუგებარია.

“დღეს ადგილზე არ ჩატარებულა დიალიზი. ზოგი ლანჩხუთში წაგვიყვანეს, ზოგი - ბათუმში. დღეს მერიამ უზრუნველყო გზის ხარჯები, მაგრამ აწი რა იქნება, ჯერ არ ვიცით…მუშაობსო მერია ამ საკითხზე და ვნახოთ რა იქნება…ხვალაც, ალბათ, მერია უზრუნველყოფს. კლინიკა ეტაპობრივად იხურებოდა, მაგრამ არ გვეგონა, დიალიზის კაბინეტიც თუ დაიხურებოდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფოთელმა გიორგი ნაჭყებიამ. ის ექვსი წელია, დიალიზის პროგრამით სარგებლობს. აქედან სამი წლის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს ბათუმში უწევდა პროცედურისთვის ჩასვლა. მას შემდეგ კი, რაც ცენტრი ფოთში გაიხსნა, გაცილებით კომფორტულად და უსაფრთხოდ შეეძლო სამედიცინო სერვისით სარგებლობა.

“მანამდე ბათუმში ჩემი მანქანით დავდიოდი, მაგრამ ასეთ დროს ამხელა გზაზე სიარული არ არის უსაფრთხო. დიალიზის შემდეგ მოდუნებული ხარ. ერთხელ უკანა გზაზე წნევა დამივარდა და ავარიაში მოვყევი. ბეწვზე გადავრჩი. ასეთ დროს სულ სხვა ვერ მოგემსახურება მანქანით. მარტო წაყვანა ხომ არ არის? 4 საათი იქ უნდა გიცადოს და ა.შ. მერია ტრანსპორტირებისთვის 150 ლარს რიცხავდა თვიურად, რაც ხარჯებს სრულად ვერ ფარავდა”.

გიორგი ნაჭყებიას თქმითვე, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეების დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაფაროს ტრანსპორტირების ხარჯის თუნდაც ნახევარი.

დიალიზის პროგრამაში ჩართულების თქმით, პროცედურა მათსავე ქალაქში უნდა ჩატარდეს და ფოთის რომელიმე კლინიკამ უნდა შეძლოს შესაბამისი კაბინეტის შენარჩუნება, რადგან ფინანსური პრობლემების გარდა, გასათვალისწინებელია პაციენტისთვის მგზავრობის სირთულე და დროის ხარჯიც.

12 ივნისს, მას შემდეგ რაც ფოთელებმა დიალიზის კაბინეტის დახურვის შესახებ შეიტყვეს, საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით: “ვითხოვთ სიცოცხლეს".

საპროტესტო აქციის მონაწილეები
საპროტესტო აქციის მონაწილეები

პროგრამით მოსარგებლეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც პროტესტის მონაწილეებს მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაესაუბრა. ის შეკრებილებს დაეთანხმა მოთხოვნაში და უთხრა, რომ “სასურველია, ქალაქს ჰქონდეს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება და სერვისი”. მისი მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

აქციის მონაწილეებმა მაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებმა მაგისტრალი გადაკეტეს.

რადიო თავისუფლებას ფოთის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე მაჟორიტარი დეპუტატისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით აქტიურად მუშაობენ, რათა დიალიზის პროგრამით სარგებლობა ადგილზე იყოს შესაძლებელი. პრესსამსახურის განმარტებით, საკითხი შესაძლოა უახლოეს საათებშიც გადაწყდეს.

რაც შეეხება კლინიკა “ბომონდს”, სადაც დიალიზის ცენტრი სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ფინანსური პრობლემების გამო იგი ცხრა თვეა, ეტაპობრივად იხურება.

როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სანდრო გუჯაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სულ ბოლოს, 12 ივნისს, დახურეს დიალიზის კაბინეტიც:

იმის შესახებ, რომ კლინიკა იხურებოდა, ინფორმირებული იყვნენ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში, ასევე ბენეფიციარები”.

სანდრო გუჯაბიძის თქმით, გარდა “ფინანსური კრიზისისა”, კლინიკა ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებსაც და ვერ გააგრძელებს მუშაობას.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგანაც ელოდება. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

არსებული ინფორმაციით, რეგიონებში დიალიზის ცენტრები ეტაპობრივად იხსნება. ბოლო მონაცემებით, ახალი დაწესებულებები ამოქმედდა წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში. ოფიციალური ინფორმაციითვე, უახლოეს მომავალში სამედიცინო მომსახურება შესაძლებელი იქნება ასევე კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG