Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინისთვის „დიდად დასაფასებელია" კიმ ჩენ ინის მხარდაჭერა


ფხენიანის ქუჩებში პუტინის ფოტოები და რუსეთის დროშებია გამოფენილი
ფხენიანის ქუჩებში პუტინის ფოტოები და რუსეთის დროშებია გამოფენილი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, დღეს, 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდად აფასებენ“ ამ ქვეყნის და მისი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას, მათ შორის „უკრაინის მიმართულებით“.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მეთაურების და სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკების გახსნისას პუტინმა ფხენიანის ამ მხარდაჭერას „თანმიმდევრული და უცვლელი“ უწოდა.

თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ამოცანების შესასრულებლად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების დასაცავად.

რუსეთის პრეზიდენტი ფხენიანში 18 ივნისს, ღამით ჩავიდა. მას აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „ამხანაგი კიმ ჩენ ინი სიხარულს ვერ მალავდა იმის გამო, რომ ისევ შეხვდა ამხანაგ პუტინს“, 2023 წლის სექტემბერში რუსეთში ვიზიტის შემდეგ.

აეროპორტიდან საპატიო სტუმრების რეზიდენციამდე კიმ ჩენ ინმა და პუტინმა იმგზავრეს რუსული წარმოების ლიმუზინით Aurus-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 2023 წელს აჩუქა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ავტომობილით „უმაღლესმა ლიდერებმა ფხენიანის მშვენიერი ქუჩები გაიარეს“ და თან ერთმანეთს გაუზიარეს „იდუმალი აზრები“ და ორი ქვეყნის ურთიერთობების „უფრო საიმედო განვითარებაზე“ ილაპარაკეს.

რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ფხენიანში არიან მთავრობის წევრები, მათ შორის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები.

პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლოს 2000 წელს იმყოფებოდა.

მოსკოვმა ფხენიანთან თანამშრომლობა გააძლიერა 2022 წლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. აშშ-ის მონაცემებით, რუსეთმა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კორეისგან უკვე მიიღო ათეულობით ბალისტიკური რაკეტა და ათასობით საბრძოლო მასალა.

ფხენიანი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს. რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ჰპირდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და მხარდაჭერას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებაში.

17 ივნისს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ დიდი ყურადღებით აკვირდებიან ფხენიანის და მოსკოვის ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა, ცუდად აისახოს კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე.

18 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო შეშფოთებულია მხარდაჭერით, რომელიც შესაძლოა, რუსეთმა გაუწიოს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერენ ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი და ირანი, რომლებსაც დასავლეთის ალიანსის მარცხი სურთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG