შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმას" უდასტურებს, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონიდან თბილისში ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
არიან თუ არა სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს:
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."
კითხვაზე, მიიღეს თუ არა დასტური საქართველოს საგარეო უწყებიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმას" პასუხობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა "ევროატლანტიკურ გზაზე" დააბრუნოს.
28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში.
„მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად ვაშინტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი“.
27 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. კობახიძის თქმით, კონკრეტულად ვინ წავა ნატოს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს არის დაგეგმილი. „აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველო რამდენიმე დღის წინ მიიწვია.
24 ივნისს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი მოწვეული იქნება“.
შემდეგ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს უკვე გაეგზავნათ მიწვევა „საპარტნიორო ღონისძიებებზე“ მონაწილეობის მისაღებად.
ფორუმი