Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამიკაძე თვითმკვლელთა აფეთქებების სერიას ნიგერიაში სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა


პროვინციაში სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს და კომენდანტის საათია დაწესებული.
პროვინციაში სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს და კომენდანტის საათია დაწესებული.

ნიგერიაში კვირას ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა კამიკაძე მოიერიშეების მიერ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვები და ორსული ქალები. 48 პირი დაშავდა.
უცნობებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები წელზე შემოიკრეს და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს პროვინციაში თავი აიფეთქეს ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის - ქორწილში, საავადმყოფოში და დაკრძალვის ცერემონიაზე. ნიგერიული პრესის შეფასებით, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება უფრო გაიზარდოს და 30-ს მიუახლოვდეს.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა თვითმკვლელი, სავარაუდოდ, ქალი იყო.

რეგიონში მოქმედ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარ სისხლიან აფეთქებებზე. პროვინციაში სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს და კომენდანტის საათია დაწესებული.

  • ნიგერიის პროვინცია ბორნოში 15 წელზე მეტია გრძელდება არეულობები ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მიზეზით. ის რეგულარულად ახორციელებს თავდასხმებს, ძირითადად - სკოლებზე და იტაცებს ადამიანებს - განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებსა და გოგოებს. „ბოკო ჰარამი“ თვლის, რომ ქალები არ უნდა იყვნენ განათლებული. გარდა ამისა, ბორნოში აქტიურია დაჯგუფება „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG