ჩეჩნეთის თავკაცმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშნა თავისი ძმისშვილი ჰამზატ კადიროვი, რომელიც ადრე ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწე იყო. ეს თანამდებობა მანამდე ეკავა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ბიძაშვილს, ტურპალ-ალი იბრაგიმოვს, რომელიც კადიროვის ბრძანებით, შალის რაიონულ ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.
„ძვირფასი ძმა ტურპალ-ალი იბრაგიმოვი იქნება რაიონის ახალი ხელმძღვანელი. ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დაინიშნა ძვირფასი ძმისშვილი ჰამზატ კადიროვი. ორივეს აქვს მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დიდი გამოცდილება და გაუმკლავდებიან მათთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობებს", - ნათქვამია რამზან კადიროვის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ განცხადებაში.
- ჩეჩნეთში რესპუბლიკის მეთაურის ათობით ნათესავი ინიშნება მაღალ თანამდებობებზე. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ამჟამად რეგიონულ მთავრობაში 23 პოსტიდან ექვსს კადიროვის შვილები და სიძე იკავებენ, კიდევ ხუთს - სხვა ნათესავები თუ თანასოფლელები. ის თავად ვერ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს კარიერულ კიბეზე თავისი ოჯახის წევრების ასვლაში. "ვისაც ვენდობი, მას ვნიშნავ", - ნათქვამი აქვს ჩეჩნეთის ხელმძღვანელს.
ფორუმი