Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი თავიანთ ტერიტორიებზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

საილუსტრაციო ფოტო. კიევის თავზე აფეთქებული რუსული დრონი
საილუსტრაციო ფოტო. კიევის თავზე აფეთქებული რუსული დრონი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვორონეჟის ოლქიდან კიევის ოლქს შეუტიეს ოთხი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი-მ“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 აგვისტოს დილით, გამოქვეყნებული მონაცემებით, აზოვის ზღვის აკვატორიიდან შეტევა იყო ორი მართვადი საავიაციო რაკეტით, ხოლო კურსკის ოლქიდან და ანექსირებული ყირიმიდან 16 უპილოტო საფრენი აპარატით.

ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს ორი ბალისტიკური და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა და 15 დრონი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დესნიანსკის რაიონში დააზიანა ავტომანქანების სადგომი.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით კურსკის და ბელგოროდის ოლქებზე თავდასხმის შესახებ. პირველი ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში და ერთი - ბელგოროდში. მეორე ინფორმაციით, დღეს დილით კურსკის ოლქში მოიგერიეს 13 დრონი, ხოლო ბელგოროდის ოლქში - ცხრა.

ქალაქ კურსკის მერის, იგორ კუცაკის თანახმად, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში უმნიშვნელო ზიანი გამოიწვია.

საომარი მოქმედებების შესახებ მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG