Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს საქართველოს მთავრობისადმი ნდობას - ბენ კარდინი ანტილგბტ კანონპროექტზე


სენატორი ბენ კარდინი
სენატორი ბენ კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.

სენატორი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტი კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს საქართველოს მთავრობისადმი ნდობას.

"საქართველოში მმართველმა პარტიამ დააინიციირა კანონპროექტი ლგბტქ+ უფლებების გაუქმების შესახებ. კანონპროექტების პაკეტი დაარღვევს შეკრების თავისუფლების უფლებას და მისი მიღება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს საქართველოს მთავრობისადმი ნდობას, რომ ისინი დემოკრატიის ერთგულნი არიან", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.

27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, ერთხმად (78 ხმით) მიიღო ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.

პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებების შემდეგ, დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG