Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა


მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება.
მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება.

ნიდერლანდის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 1 ოქტომბერს ოფიციალურად დაიკავა ნატოს გენერალური მდივნის პოსტი. მან შეცვალა 72 წლის იენს სტოლტენბერგი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან იყო.
ნატოს შტაბ-ბინაში, მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქმიანობისას მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება.

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა პირობა დადო, რომ დააახლოებს უკრაინას ნატოს წევრობასთან, რადგან არ შეიძლება უსაფრთხო ევროპის არსებობა ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე. რუტემ აღნიშნა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ მიმდინარე წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტზე კიევისთვის მიცემული დაპირებები, რადგან "უკრაინის კუთვნილი ადგილი ნატოშია."

როგორც ჟურნალი "პოლიტიკო" აღნიშნავს, მარკ რუტეს კანდიდატურას ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე 32-ვე მოკავშირე ქვეყნის ელჩებმა დაუჭრეს მხარი. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი.

მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს, დაამტკიცეს. რუტეს კონკურენტად განიხილებოდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც 19 ივნისს მოხსნა თავისი კანდიდატურა.

სანაცვლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში არ ეთანხმებოდა რუტეს მხარდაჭერას, მიიღო დაპირება, რომ ბუდაპეშტი შეძლებს უარი თქვას ნატოს იმ საქმიანობაში მონაწილეობაზე, რომელიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მარკ რუტეს მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. როგორც გამოცემა Politico განმარტავს, თავად ნიდერლანდმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა.

ნატოს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან მხოლოდ 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG