Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა ვერხოვნა რადას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერხოვნა რადაში გამოსვლისას. კიევი, 16 ოქტომბერი, 2024.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერხოვნა რადაში გამოსვლისას. კიევი, 16 ოქტომბერი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ვერხოვნა რადაში გამოვიდა და დეპუტატებს წარუდგინა ე.წ. გამარჯვების გეგმა - ზომების კომპლექსი, რომელიც, კიევის აზრით, ხელს შეუწყობს რუსეთის იძულებას, დაასრულოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

მანამდე მან თავისი წინადადებები წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა დასავლელ ლიდერებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სხვათა შორის უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება მსოფლიოში უახლოეს ათწლეულებში. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბოროტმოქმედთა კოალიცია“ უკვე მოიცავს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩრდილოეთ კორეასაც. მისი თქმით, კსდრ-მ უკვე გაგზავნა თავისი სამხედროები უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად. მან ასევე დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში, ხოლო ჩინეთი - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელშეწყობაში.

ზელენსკიმ ჩამოთვალა გეგმის ხუთი პუნქტი.

პირველი არის უკრაინის ნატოში მიწვევა ომის დასრულებამდე.

მეორე პირდაპირ ეხება სამხედრო ოპერაციებს. ზელენსკის თქმით, აუცილებელია „ომის რუსეთში დაბრუნება“, რამაც, მისი აზრით, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელებას რუსეთის ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით შეტევებზე და ასევე უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და დრონები.

მესამე პუნქტი არის სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განთავსებას. ამან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რუსეთი აიძულოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს საომარი მოქმედებების გაგრძელების მიუღებელი შედეგების გამო.

გეგმის მეოთხე პუნქტი უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების - კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას. მეხუთე პუნქტი არის უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ლაპარაკია ევროპაში ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით ჩანაცვლებაზე.

ზელენსკის თქმით, გეგმაში არის სამი საიდუმლო დამატება და მას საჯაროდ არ უსაუბრია მათზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელი მოკავშირეები გეგმას „პრაქტიკულად“ მიუდგნენ და ახლა მის კონკრეტულ დეტალებს სწავლობენ.

ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური გზებით დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს, უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელება დამოკიდებულია არა რუსეთზე, არამედ კიევის უცხოელ პარტნიორებზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აიძულებენ რუსეთს, დათანხმდეს მშვიდობას, ზელენსკის თქმით, ომი „პუტინის სურვილის მიუხედავად“ დასრულდება არაუგვიანეს მომავალი წლისა.

დეპუტატები პრეზიდენტის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები“ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული. ამასთან, მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის მხრიდან ტერიტორიული და სხვა დათმობების პირობებზე მოლაპარაკებისთვის.

დასავლეთის ქვეყნებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი „გამარჯვების გეგმაზე“ და აცხადებენ, რომ მზად არიან, როგორც ადრე, მხარი დაუჭირონ უკრაინას თავდაცვით ომში. არაერთი დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში და სხვა დედაქალაქებში სკეპტიკურად აფასებენ ამ გეგმას, რომელსაც უფრო სურვილების სიად განიხილავენ. ამასთან, ცნობილია, რომ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები აგრძელებენ დისკუსიებს, კერძოდ, შეიძლება თუ არა მიეცეს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG