Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო მიიჩნევს, რომ ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპით კანონი არ ირღვევა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდი
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდი

საქართველოს ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა სამი ტელეარხის საჩივარი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ უარს ამბობენ ეთერში გაუშვან მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპი ომზე, რადგან მიაჩნიათ, რომ რეკლამის შინაარსით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, რომლითაც აკრძალულია ომის პროპაგანდა.

ვიდეოკლიპში გამოსახულების ერთ მხარეს ნაჩვენებია უკრაინის დაბომბილი ადგილები, მეორე მხარეს კი საქართველოში გადაღებული კადრები. „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ამ შინაარსიდან გამომდინარე, ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია, მმართველი პარტია კი ამომრჩევლებში თესავს შიშს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიებს არ გააჩნდათ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, უარი ეთქვათ პოლიტიკური პარტიისათვის წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, ვინაიდან კონკრეტული პოლიტიკური რეკლამა არ წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, იგი შეიცავს ომის უარმყოფელ მოწოდებას და არ ეწინააღმდეგება კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებსა და პრინციპებს“, - წერს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტელევიზიებისთვის გაგზავნილ წერილში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მიმართვა კომუნიკაციების კომისიისა, რომელმაც ასევე ვერ დაინახა დარღვევა.

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების ზედამხედველია. სწორედ მარეგულირებელში უჩივლა „ქართულმა ოცნებამ“ „მთავარი არხს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ვიდეოკლიპის ეთერში განთავსებაზე. კომუნიკაციების კომისიამ პარტიის საჩივარი დააკმაყოფილა.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG