რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოს რაიონის პეტროპავლოვსკაიას სადგურზე, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას.
ეს ცნობა პირველად გაავრცელეს რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა ჩეჩენმა ოპოზიციონერებმა, მოძრაობა NIYSO-ს წევრებმა. მათი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე.
მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მთავრობის მომხრე ტელეგრამის არხმა Mash-მა, თუმცა მას განსხვავებული მონაცემები მოაქვს - კერძოდ, აღნიშნავს, რომ დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ადამიანი.
Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული სატვირთო მანქანა "ურალი" ეკუთვნის რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ოპერატიულ ბრიგადას, რომელიც ურუს-მარტანშია დისლოცირებული.
გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მათ ეძებენ.
ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საგზაო პატრულის სადგურზე თავდასხმის შემდეგ გუდერმესში რეიდები ტარდება. რესპუბლიკის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე განცხადება არ გაუკეთებია.
ფორუმი